საქართველოს ისტორიაში პირველად საავადმყოფოებში “პაციენტთა და ოჯახის წევრთა საბჭოები” იქმნება.
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტისა” (PHIG) და “აკრედიტაცია კანადის” თანამშრომლობით ჩამოყალიბდა “საქართველოს პაციენტთა საბჭოების სამდივნო”, რაც პაციენტთა აქტიური ჩართულობის სტრუქტურირებული, მდგრადი და კულტურულად სენსიტიური პლატფორმის შექმნის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ინიციატივა მოიცავს 20 “პაციენტთა და ოჯახის წევრთა მრჩეველთა საბჭოს” (PFAC) მხარდაჭერას, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კლინიკაში ფუნქციონირებენ.
რა არის პაციენტთა საბჭოების სამდივნო?
პაციენტთა საბჭოების სამდივნო წარმოადგენს ცენტრალიზებულ ორგანოს, რომელიც მხარს უჭერს პაციენტთა და ოჯახის წევრთა მრჩეველთა საბჭოების (PFAC) შექმნას, ფუნქციონირებას და ეფექტიანობას. ეს საბჭოები საშუალებას აძლევენ პაციენტებს და ოჯახებს, აქტიურად ითანამშრომლონ ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლებთან და მენეჯმენტთან, პაციენტთა საჭიროებებისა და შეხედულებების გათვალისწინებით.
Pacienti.ge “პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელ იოსებ დემეტრაშვილს ესაუბრა:
ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტს ვხელმძღვანელობ, რადგანაც საქართველოში პირველი პრეცედენტია, როდესაც პაციენტთა საბჭოები ჩამოყალიბდა და დაინერგა. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ საქართველოში სიახლეებს ძნელად ვიღებთ, მაგრამ მე და ჩვენმა გუნდმა დავარწმუნეთ საავადმყოფოები, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პაციენტების ჩართულობა კლინიკის განვითარების პროცესში. ამ ეპოქაში დროა, პაციენტების ხმა ესმოდეთ ჯანდაცვის მომწოდებლებს

იოსებ დემეტრაშვილი აღნიშნავს ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის როლს აღნიშნული პროექტის დანერგვა/განხორციელებაში:

“ბედნიერი ვარ იმ ყველაფრის გამო, რაც მე და ჩვენმა გუნდმა შევძელით – ეს იყო დაუღალავი შრომა, რადგან პირველები ვართ საქართველოში, ვინც ამ პროექტს ნერგავს და ახორციელებს, თუმცა ბატონი გიორგი ფხაკაძე მსოფლიო გამოცდილების მიხედვით გვაწვდის საჭირო და გადამწყვეტ რჩევებს პროექტის სწორად დანერგვისა და განვითარებისთვის. ჩვენ შევძელით, თითოეულ იმ კლინიკაში, რომელმაც მიიღო “აკრედიტაცია კანადის” დადებითი შეფასება, დაგვეარსებინა “პაციენტთა და ოჯახის წევრთა საბჭოები”. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კლინიკებში უსმენენ პაციენტთა მოსაზრებებს, საბჭო მონაწილეობს არაერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში და მათი რეკომენდაციით უკვე განხორციელდა არაერთი სასარგებლო და საჭირო ცვლილება.

“აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო კლინიკებსა და მათ ლიდერშიფს, ჩვენ ერთად ვმუშაობთ და აღნიშნული პროექტი ინერგება დიდი შრომისა და მონდომების ფასად.
მინდა აღვნიშნო ჩემი მეგობრისა და თანაგუნდელის, თათია გოჩაძის წვლილი, რომელიც ყველაფერს აკეთებს აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად”.

იოსებ დემეტრაშვილი კლინიკების აკრედიტაციის პროცესში “პაციენტთა საბჭოების” მნიშვნელობასაც აღნიშნავს:
აღსანიშნავია, რომ აკრედიტაციის/შეფასების პროცესში დიდი შექება და უაღრესად დადებითი შეფასება გამოიწვია პაციენტთა საბჭოების პროექტმა და იმედი მაქვს, ყველა კლინიკა გააცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია, ჰყავდეთ პაციენტებისგან დაკომპლექტებული საკონსულტაციო გუნდი.”
მადლობას ვუხდი პაციენტთა საბჭოების წევრებს, რადგან მათი ჩართულობა ამ პროექტში უმნიშვნელოვანესია; მადლობა
ბატონ გიორგი ფხაკაძეს, რომელმაც მომცა საშუალება, ამ საინტერესო პროექტში ჩავრთულიყავი და მადლობა თათია გოჩაძეს დაუღალავი შრომისთვის.
ბედნიერი ვარ, რომ ამ პროცესებში ვმონაწილეობ და ვარ “აკრედიტაცია კანადის” უდიდესი გუნდის წევრი.
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღნიშნული პროექტით ყველა პაციენტის ხმა მივაწვდინოთ კლინიკებს და ისინი მონაწილეობდნენ ჯანდაცვის განვითარების პროცესში.






