“ვივამედმა” მიიღო საერთაშორისო აკრედიტაცია – პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე პროცესში აქტიურად იყო ჩართული

0
669
საერთაშორისო აკრედიტაცია

კლინიკა “ვივამედმა” წარმატებით დაძლია “აკრედიტაცია კანადის” შეფასების პროცესი და მიიღო საერთაშორისო სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ კლინიკა მაღალი ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებით ხელმძღვანელობს

აკრედიტაციის პროცესში “ვივამედის” პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე, ნათელა ცენტერაძე საბჭოს წევრებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა. სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიაზე მან თავისი გამოცდილება და მოსაზრებები გააზიარა, ხაზგასმით აღნიშნა პაციენტთა საბჭოს როლი და მისი გავლენა კლინიკის განვითარებაზე.

“ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო “ვივამედის” პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე და მონაწილეობა მივიღო ამ მნიშვნელოვან პროცესში. ჯანდაცვის სისტემაში აკრედიტაციას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს – ის არ ემსახურება მხოლოდ ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას, არამედ პაციენტთა ახალ დონეზე აყვანას. კლინიკებისთვის ეს არის სტიმული მუდმივი ზრდისა და განვითარებისაკენ, რაც პაციენტებისთვის უკეთესი მომსახურების გარანტია ხდება.” – აცხადებს ნათელა ცენტერაძე.

“აკრედიტაცია კანადა” ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ სტანდარტებს ავითარებს. მათი გამოცდილება და პროფესიონალიზმი მნიშვნელოვანი გზამკვლევია კლინიკებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ხარისხის მიღწევას ისახავენ მიზნად.

ნათელა ცენტერაძემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი პაციენტთა საბჭოს როლს და მის გავლენას კლინიკის მუშაობაზე.

“როგორც საბჭოს თავმჯდომარე, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ პაციენტთა ხმას დიდი ძალა აქვს ცვლილებების წარმართვაში. ჩვენ ვქმნით სივრცეს, სადაც პაციენტთა მოსაზრებები და საჭიროებები პრიორიტეტულია, რაც საბოლოოდ კლინიკის საერთო წარმატებას განაპირობებს.”

მისი თქმით, აკრედიტაციის მიღება არ ნიშნავს, რომ კლინიკამ განვითარების ყველა ეტაპი უკვე გაიარა. ეს არის გაუმჯობესების უწყვეტი პროცესი, რომელიც მოითხოვს პრობლემების დროულ იდენტიფიცირებასა და გადაჭრას.

“სანამ იარსებებს კლინიკა და პაციენტი, იქნება გამოწვევები და მათი გადაჭრის საჭიროება. მსოფლიოში არ არსებობს კლინიკა, სადაც ყველაფერი საათივითაა აწყობილი. ამიტომაც უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს, გამოვასწოროთ ხარვეზები და ერთად ვიმუშაოთ გაუმჯობესებაზე – პატივისცემით, ურთიერთგაგებითა და თანადგომით.” – აცხადებს ცენტერაძე.

კლინიკა “ვივამედი” მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო სტანდარტების დაცვას და პაციენტთა საჭიროებებზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურების გაძლიერებას.

ასევე წაიკითხეთ:  Accreditation Canada -ს მრჩევლების მორიგი ვიზიტი "ნეონატალოგიურ ცეტრ N ქირონ+"-ში - კლინიკა ემზადება აკრედიტაციისთვის 

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ