დიახ, ჩვენ ეს შევძელით! – ამ სიტყვებით ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონის” პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე, ნანო ტაბეშაძე, საავადმყოფოს მიერ მიღწეულ უდიდეს წარმატებას ეხმიანება. კლინიკამ წარმატებით გაიარა “აკრედიტაცია კანადის” შეფასების პროცესი და პლატინის სერტიფიკატი მიიღო.
პაციენტთა საბჭოს აქტიური ჩართულობა და კლინიკის გუნდის დაუღალავი შრომა ამ შედეგის მიღწევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. როგორც ნანო ტაბეშაძე აღნიშნავს, ეს არის სიამაყისა და ბედნიერების დღე მთელი გუნდისთვის.
“პაციენტთა საბჭოს ჩართულობამ და დიდმა შრომამ ნამდვილად წარმატებული და სასიამოვნო შედეგი გამოიღო. დღეს ჩვენ უდიდეს სიამაყესა და ბედნიერებას განვიცდით!”
“აკრედიტაცია კანადა” ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა, რომლის მიერ დაწესებული სტანდარტები კლინიკებს ეხმარება, მიაღწიონ საერთაშორისო დონის ხარისხს და უზრუნველყონ პაციენტთა უსაფრთხოება. პლატინის სერტიფიკატის მიღება არის აღიარება იმისა, რომ “ქსენონი” ლიდერია ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების სფეროში.
ნანო ტაბეშაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კლინიკის გუნდს, პაციენტთა საბჭოს წევრებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობდა.
“ეს არ არის მხოლოდ სერტიფიკატი – ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და სტიმული, რომ მომავალშიც განვაგრძოთ წინსვლა, მუდმივად ვიმუშავოთ პაციენტთა საჭიროებების გათვალისწინებით და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ კლინიკის მომსახურება.”
“ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო ქსენონი” მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო სტანდარტების დაცვას, პაციენტთა კმაყოფილების გაზრდასა და სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებას.